Feeds:
Posts
Comments

რა ვქნა, სულ სხვანაირად ბედნიერი ვარ ამ ქალაქში. ლამის ყოველი გადადგმული ნაბიჯი მოგონებებთანაა დაკავშირებული. მართალია, ზოგი ახლა უკვე მწარედ ტკბილია, მაგრამ მაინც ტკბილია. მიკვირს ისე, სად და როგორ დავაგროვე ამდენი, მაგრამ დროა უკვე ვაღიარო, არც ისე პატარა ვარ :)))
ხოდა, დეპრესიიდან გამოსვლოს უიოლესი და უმარტივესი გადაწყვეტილებით, სამსახურში შვებულება ავიღე და ოჯახთან და ბავშვობის მეგობრებთან ერთად აქ უკვე ერთი დღის გატარება ბედნიერებას უდრის. დეპრესიაც და უხასიათობაც გვერდზე გადავიდა.

ჩემს ალაგ-ალაგ განათებულ ქუჩას მივუყვები ახლა სახლისკენ, წვიმს. ვსველდები და არ ვნაღვლობ თმა რომ მისველდება და უშნოდ მეხვევა, პირიქით, თან სასიამივნოდ გრილა. მიწის სუნიცაა თითქოს. სიჩუმეა. ძაღლის ყეფამ ბოლო ხმაზე აწეულ ყურსასმენებში შემოაღწია და ცოტა შეშინებული, მაგრამ მაინც ვაგრძელებ წერას 🙂  ვიღაც ჭკვიანმა მობილურისთვის შექმნა ვორდპრესის ეს აპლიკაცია და ვტკბები მეც. დავდივარ, ყურებში მუსიკა, სიგრილე, წვიმა და წერა.
კარგია დედაქალაქი, მაგრამ აქაურობა სხვაა. შინ ვარ და მშვიდად ვარ. არაფრის მეშინია და არაფერი მწუხებს. მიუხედავად ყველაფრისა, საავადყოფოს კედლებიც კი მშობლიური და ნაცნობია თითქოს.

სახლთან ჩამოვჯექი. ეკრანზე ლამაზად ეცემა წვეთები 🙂 თითქოს მუზა დამეკარგაო და ახლა გამახსენდა, ბავშვობაში არასოდეს მითამაშია გარეთ თანატოლებთან ერთად და ძალიან გვიანი რომ არ იყოს, გავაღვიძებდი ყველას და რამე სიგიჟეს მოვიგონებდი 🙂 მერე რა რომ 30 წელს უკვე ყველამ გადავაბიჯეთ, ცოლშვილიანები და ქმარშვილიანები არიან მაგრამ მერე რა? მომინდა… წრეში ბურთი :)))))) კარგია, კარგი აქაურობა. აქეთ ჩამოსული სულ იმას ვფიქრობ უკან, ქუთაისში დავბრუნდე. არადა იქაც რომ მაკავებს რაღაც?! 😦

მოკლედ, საკმარისი ვწერე და ავალ ახლა სახლში. მყუდროდ მოვკალათდები ტელევიზორის წინ, რომელსაც არასოდეს ვუყურებ და ჩემებთან ყოფნით დავტკბები.
ხვალ ისევ მეგობრები, ისევ სილაღე და ისევ სიხარული 🙂

finish!

არადა კარგ ხასიათზე ვიყავი…

“რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”… –  შენ გგონია შენ დაგადანაშაულებ ჩემს ცუდად ყოფნაში როდესმე? ან გინანებ რომ იყავი? არა! უბრალოდ სანამ საბოლოოდ მომიშუშდები, გამინელდები და გამისულერთდები, მიჭირს და ისევ კედლებს რომ არ შეასკდეს ჩემი სიჩუმე, ან დავწერ ან რამეს მოვუსმენ და ვიფიქრებ..

ხოდა ეს “რამეს მოვუსმენ” ცუდ ხასიათში გადამეზარდა. დავმძიმდი და გავუფერულდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უმათურმანის დიდი გულშემატკივარი ვარ და კლიპს რატომღაც დღეს ვუყურე, ალბათ სიმძიმეების მოსამატებლად….

არადა შენ ხომ ყოველთვის ის დარჩები, მიუხედავად სამუდამოდ ჩემგან გაშვებისა, ჯერაც რომ ვერ გავიაზრე, რომ დამთავრდი ….

 

ფაქტიურად მთელი საქართველო წუწუნებს ზაფზულის მაღალ ტემპერატურაზე. მე კიდე ვზივარ სიგრილეში, ვისვენებ,სიამოვნებით მივირთმევ ცხელ ყავას და უფრო სიამოვნებით ვფიქრობ და ვიხსენებ ბავშვობას 🙂
ალბათ რამდენს მოგიშლით ნერვს ჩემი ეს პოსტი, სიგრილის გამო მაგრამ არ შეგშურდეთ, ხვალიდან მეც თქვენსავით “დავიწვები” თბილისის სიცხით 🙂

წლების წინ, ღრმა ბავშვობაში მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, მამაჩემს ჩამოვეყვანეთ და არ გაბრუნებულიყო უკან ცხელ და უჩვენო ქუთაისში. მახსოვს, დროს ვიხელთებდი და ჩემი ჭკუით, ოსტატურად ვახერხებდი მისთვის მომეპარა პირადობის მოწმობა, რომელსაც ახლა ვხვდები, გამიზნულად ინახავდა პერანგის გარე ჯიბეში. ამოვიდებდი ბალიშის ქვეშ და ძილის წინ ვკოცნიდი ხოლმე. მახსოვს და ალბათ ბევრი ჩემი მეგობარი დამეთანხმება რომ აქაურობა მეზიზღებოდა… წიგნები, მეცადინეობა, წიგნები…. აბა როგორია მსგავს პირობებში დასვენება? 😦 და ახლა, აგერ უკვე 30 წლის ასაკში, სრულიად თავისუფლად ვისვენებ, ვტკბები მამაჩემის და დედაჩემის გვერდით ყოფნით, არ მჭირდება პირადობის მოპარვა, აქ მყავს პირადად და მაინც, ვზივარ და მართვის მოწმობას ვუზივარ და ვმეცადინეობ 😀 ბორჯომი და სწავლა თითქოს განუყოფელი ნაწილი გამიხდა და იმედია მომავალ წელს ბორჯომში ისე ჩამოვალ, სამეცადინო აღარ მექნება და დავისვენებ :)))))

image

და მე მაინც მამას გოგო ვარ :))

image

 

ვწევარ გულაღმა და ვითვლი ათასამდე… ათიათასამდე… მერე ისევ უკუღმა. იქნებ ასე მაინც მოვადუნო გონება და გავთიშო… იქნებ ასე მაინც აღარ მივაქციო ყურადღება ოთახთან აჩახჩახებულ შუქს, არაკომფორტულ საწოლს, წვეთოვანის წვეთას და ტკივილს სხეულში… ეს ის ადგილია სადაც  უნდა ვთქვა რომ მტკივა.. რაც მტკივა, როგორც მტკივა და ზუსტად ვიცი სისუსტედ არ ჩამითლიან. არც არავის შევეცოდები. პირიქით, მიშველიან…

საათი დილის  5ს აჩვენებს…

სულ ცოტა ხნის წინ სიკვდილი იდგა ამ ოთახში, საწოლთან ახლოს.

წერა მომენატრა. მერე უცებ თავში ამოტივტივდა დაგროვილი შეგრძნებები, ემოციები… და ვნახოთ რა გამომივა : )

ალბათ უფრო სამადლობო წერილს დაემგვანება ეს ჩანაწერი, მაგრამ გავდეს… მთავარია რომ წერა მომინდა და რა და როგორ იქნება, ამას არ დავეძებ 🙂

რომელიღაც ჩანახატში მიწერია, არ მეშინია სიკვდილისთქო. არადა სწორედაც რომ სიკვდილის მშინებია თურმე ყველაზე მეტად. არ იცი რა ხდება მის შემდეგ. არ იცი სად მიდის სული სხეულის გაყრის შემდეგ. ყელში რაღაც გეჩხირება, თვალების გახელას და მერე დახუჭვას ცდილობ, ლაპარაკს ცდილობ, გამოძრავებას და არც ერთი კუნთი და სახსარი არ გემორჩილება… შველას ითხოვ და ვერც ახერხებ ამას. გრძნობ რომ გულისცემა აღარაა და გული გაჩერებულია. ალბათ და იმედია წამის მეასედები გრძელდება ეს ყოველივე მაგრამ ისე განგრევს და გღლის უსურუობის და ტკივილის შეგრძნება, მზად ხარ წამის მეასედებზე უფრო მალე მოხდეს სიკვდილი, ოღონდ გათავისუფლდე… ოღონდ ხელიდან დაუსხლტე ამ ყველაფერს და მალე მოხდეს ყველაფერი. მალე მორჩეს ტანჯვა და მზად ხარ გარდაიცვალო…

29 მარტს, გამთენიისხანს, ალბათ ვერავინ დააჯერებდა ჩემს მშობლებს და დას ჩემს გადარჩენაში. არც მე მეგონა რომ მზის სხვის დავინახავდი.. მახსოვს მორიგე ექიმის კითხვები: რამდენი წლის ხარ; რა გქვია; რა გტკივა… შემდეგ მონაცვლეობით მკაცრი გამოხედვები და ბევრი გადასხმები. მახსოვს ვერ ვსუნთქავდი და მცხელოდა. არადა გარეთ წვიმდა და ციოდა. მახსოვს თავი მტკიოდა, ყბებიც, სახეც – ბევრჯერ ნაცდელი გამოფხიზლების გამო და ცხვირიც… მახსოვს სიცოცხლე მინდოდა და ოთახში უცებ მომრავლებულ ყველა ექიმს ცალ ცალკე ვთხოვდი შველას. მერე გავიაზრე რომ ვერ ვლაპარაკობდი მაგრამ მე ხომ მეგონა რომ ვთხოვდი : )) ყველაზე კარგად მახსოვს ერთ ერთი ექიმის გაღიმებული სახე და კითხვა, მიყურებ? უცებ ვერ გავიაზრე რატომ შეიძლებოდა დაესვათ ეს კითხვა როცა თვალი გახელილი მქონდა და აშკარად ვუყურებდი მაგრამ მერე ნელა ნელა გონებაში ამოტივტივდა ფრაგმენტები: ღამე იყო ინფექციურში რომ მიმიყვანეს; ხალათი მეცვა და ერთ ექიმს ვესაუბრებოდი.. და უცებ სხვა სურათია: დღეა, მაისურში ვწევარ ხელში გადასხმით და თავზე 6 თეთრხალათიანი მადგას… დაბრუნებას გილოცავო მითხრა ერთმა თბილი სახით და მერე გავიგე, ჩემებთან გასულა, დასამშივდებლად.. გადავრჩი. ახლაც გაუაზრებელია რას და როგორ, მაგრამ ფაქტია, ვზივარ ახლა ჩემს ოთახში, 3 თვეზე მეტი ხნის შემდეგ და ვსუნთქავ. მიუხედავად სიძნელეებისა, პრობლემებისა და ტკივილისა მაინც ვცდილობ ვისუნთქო, კარგად ვიყო, ვიბრძოლო…

 

just empty..

ლარა ფაბიანი კარუზოს მღერის… უკვე დავიზეპირე ყველა ამოსუნთქვა, სიტყვა და უცნობი, გაუგებარი ტექსტის ყველა სიტყვა…  ჩემ ოთახში ცაზე ვარსკვლავები ანათებენ, გარეთ მთვარე…  ეკრანზე შენი თვალები…

ამ დღეებში, ვცდილობ არ შეგხედო…  იქნებ მივხვდე, მხოლოდ მიჩვევაა თუ რაა ეს ყველაფერი. არა, და არაა ასე…  შემიყვარდი…  იმაზე მეტად, ვიდრე შენ იცი და ოდესმე წარმოიდგენ…  ვიდრე მე მინდოდა. შემიყვარდი ისე, რომ ვერ გიშვებ ჩემიდან. „ჩემში ხარ, გგრძნობ და იმიტომ“(ვიხსენებ შენს სიტყვებს)… როცა შენ ხარ, მართლა არ მეფიქრება შიშზე, არც არაფერი მაწუხებს და მტკივა, არადა სავსეა ირგვლივ ყველაფერი ტკივილით და პრობლემებით…  არადა შენთან ერთად ყველა პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი და ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

წერა მომენატრა… ბოლოს როდის დავწერე ასეთ პოზაში, აღარც კი მახსოვს: საწოლში კომპიუტერით და ყურში მუსიკით ბოლო ხმაზე, ეკრანზე გაშლილი შენი სურათებით და მოგონებებით ფიქრებში… დასაწყისიდან – დღემდე… ამ ტკივილამდე… ამ უშენობამდე… ამ სიჩუმემდე და სიცივემდე… მოვედით!.. სადაც არ მინდოდა მოვსულიყავი, მიუხედავად წასვლის სურვილისა……. რამდენჯერაც ვთქვი წავალ, იმდენჯერ არ წავედი. შენ გგონია წასვლა მართლა მინდოდა შენგან? არა, მგონია რომ შენ წახვალ და დამისახიჩრებ შენგან გადარჩენილ ჩემ სულს! იქნებ არცაა წასვლა, ეს ყველაფერი და მხოლოდ ჩემი ფიქრებიდან გამოტანილი დასკვნებია. მეშინია… ბავშვობიდან სიკვდილის და მარტოობის მეშინოდა. სიკვდილის შიში დავძლიე ნაწილობრივ, მე ხომ იქ ბევრი გავუშვი და შეხვედრაც საინტერესო იქნება მათთან… მარტოობას კი ვერ დავაღწიე თავი.  ქრონიკულად ვუყურებ ჯერ ტელეფონს (შემთხვევით შეტყობინება ხომ არ გამოგეშვა?!) და მერე ეკრანს… მიხარია რომ მყავხარ აქ, ჩემი გულის იმ ნაწილში შენ რომ გააღვიძე. მოგონებების სკივრი ვარ და ტკივილების. ვიღაცამ ალბათ ძალიან მოინდომა ჩემი დაწყევლა.ვიღაცას ძალიან ვატკინე და ერთ დღეს როცა წყევლა გამოუშვა ჩემი მისამართით ღმერთმაც გაიცინა და აუსრულა… გიკვირს ღმერთზე ასე რომ ვამბობ? აბა სადაა ახლა ღმერთი? ჩვენი ურთიერთობის გადარჩენას რომ ვთხვოვ და არ მისმენს? იქნებ მისმენს და ესეც საჭიროა ჩვენი ურთიეთობისთვის?!

ჩემი გული ამდენ ტკივილს ვეღარ უძლებს. ყველა ემოცია გავუშვი ჩემგან და დავრჩი ცარიელი, შევსებას მხოლოდ შენი სუნთქვა შეძლებს…..

სულის კლავიშებზე უკრავს ეს ქალი… არადა ჰო… მოვუსმენდი ახლა კარუზოს შენთან ერთად. რამე ფილმსაც ვუყურებდი ჩემს კალთაში რომ თავი გედოს ან ჩემ მკერდზე იყო მოყრდნობილი, ოღონდ მერე ისევ თუ ამომხედავ და მეტყვი რომ არ გინდა გათენდეს დღე, სადაც არ ვიქნები მე. სად გამიქრა ჩემი ასრულებული ოცნებების მთელი ნუსხა? ჯერ იყო და შენთან მოიყარა ყველა ფერმა და ყველაფერმა თავი და მერე შენთანვე დარჩა… ისე წასვლაც ვერ შეძელი, არ მტკენოდა. არადა წაგიკითხე ლექსში, გახსოვს? კიო, თავი დამიქნიე ჩემს წარმოსახვაში….

„ვორდის“ მეორე გვერდზე გადავედი. რა კარგია! სადღაც გულში შვებაა, რომ ვწერ. აბა, შენ რომ გწერ, პასუხის მოლოდინში ღამე თეთრად მათენდება თავზე. ჩემივე ოცნებებში დამეკარგე და ახლა გზააბნეულივით მე გეძებ. იქნებ, სულაც მხოლოდ მწარე გაკვეთილია ცხოვრებიდან და სიურპიზებს უნდა ველოდო? შენ ხომ გჩვევია ეს? აა, რა სიურპრიზებს?

ყოველთვის ფანტაზიის უნაყოფობაზე ვწუწუნებდი და ახლა ფრთები შევასხი.  წარმომიდგენია რომ ერთ დილით კარზე დააკაკუნებ და მოხვალ! დადგები შემოსასვლელში, შემხედავ და მერე ხელს ოდნავ გაშლი, ეს ის ჟესტია მე რომ მიყვარს შენში: მოდი, ჩამეხუტეო!.. ან და…  მომწერ, რომ მოგენატრე… სად წავიდა ფანტაზია? ა, ჰო, კიდევ ერთი ვარიანტი შემორჩა გამოუძინებელ გონებას. მანდ მოვალ და მეტყვი რომ მოგენატრე… მაინც ამ ემოციისკენ მივდივარ და ვერ ვიჯერებ რომ არ გენატრები…

მომენატრე… დავჯდებოდი ახლა ჩუმად და თავს დაგადებდი მხარზე. ჩვეულ პოზაში დაგხედავდი, კისერში თავს ჩაგიდებდი და ყურთან ახლოს გაკოცებდი…

დავცარიელდი… არ ვწუწუნებ… უბრალოდ წერა მომინდა და თითებს უფლება მივეცი ეწერათ… იქნებ მერე წაიკითხო, თავზე ხელი გადამისვა და თქვა: „რა ბოთე ხარ ხანდახანო?!“

ყველგან ხარ სადაც გავიხედე, ყველგან…

გელათის გზაზე ფეხით ასვლა დამავიწყდა. მე, ხომ, მაშინ გავივლე გულში, რომ ავიდოდი მესამედ გელათში, შენ რომ მესამედ ადიოდი და მე და შენ, რომ „ჩვენ“ არ გვერქვა? მინდა, იქიდან უკან დაბრუნებულის ემოცია!..

არ წახვიდე… ან თუ წახვალ… ან და არაფერი, არა, არაფერი… გავიარეთ…

ჩემი სულის კლავიშებზე დაკვრა შეძელი, გააღვიძე ყველა მიძინებული ტკივილი ერთად და დამცალე, საყვარელი სადღეეგრძელოს დალევისას რომ წვეთის დატოვება არ იციან ჭიქაში, ისე…. ბოლო წვეთამდე დაცალე ჩემში სიხარულის ნაწილი და როდის გავიხარებ, იცის ვინმემ? ჰო, ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთს ასე უნდოდა ალბათ. ჰმ! გამეცინა… ღმერთს ჩემი წვალება და დასჯა აღარ მობეზრდა?

მიყვარხარ… ერთგული ტკივილით. სრული ერთგულებით და გრძნობით. რა ვქნა ახლა, თუ ვერ ვამტკიცებ ამას?! რა ვქნათ ახლა, მე რომ შემიძლია პატიება და შენ არა? მითხრეს, ესეც ყველას არ შეუძლიაო და მიხარია, ეს მაინც თუ შემომრჩა და გაპატიე ის ყველაფერი, რასაც არასოდეს სხვას არ ვპატიობდი… ალბათ, მიყვარხარ და მიტომ. აბა, შენ რა იცი სიყვარული რაა?  შენ ზოდიაქოს სიჯიუტე ჩემსაზე მეტად ახასიათებს. არადა მე ყველა „რქა“ მოვიტეხე შენთან.

ჩამეხუტე და ახლა მაინც დამესიზმრე…

მენატრები………………………………………………

„მტკივხარ“ უკვე. იმაზე მეტად ვიდრე აქამდე მტკენია…

მინდა დავიძინო, გავიღვიძო და არ მახსოვდე…

თუმც…

Just…..

3 წელია უკვე..

3 წლის წინ ამ დღეს ჯერ კიდევ ჩემთან, ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯერ კიდევ ფერადი იყავი…….

დღეს მეტკინე. მეტკინე თავიდან ბოლომდე… ჩემივე ტკივილით გავიზარდე და ცრემლიც ვერ დავღვარე. დღეს შეგეჩეხე.. დღეს პირველად ყურებში შენი ხმა გავიგონე… მოულოდნელი და თბილი, გამორჩეული სიმკაცრით სავსე და მოსიყვარულე ხმა გავიგონე და მერე უცებ გამიჩუმდი… ამეტირა და თვალთან მომდგარი ცრემლი თვალშივე ჩავიბრუნე….

დამაკლდი….. დრო გადის და ნელა ნელა ვეგუები უშენობასთქო ვამბობ, თუმცა ძნელია ამდენი რამის მერე ვთქვა რომ დამავიწყდი.. ან კი როგორ, გათენებიდან დაღამებამდე მხოლოდ შენი ნივთებია ირგვლივ და როგორ დამავიწყდები რომც მინდოდეს?
მეც არ ვიცი რას ვწერ. მომინდა უბრალოდ მეთქვა სათქმელი.. რატო რვეულში არ ავკრიბე? გადავეჩვიე გწერო. გადავეჩვიო შენზე დაღვრილი ემოცია ფურცელზე გადავიტანო. მე მხოლოდ შენ გესაუბრო მინდა. ადრე ნათქვამს ვიხსენებ, რამდენჯერაც დაწერ რომ გენატრები და გიყვარვარ, გვერდით მდგომი ჩემი სული იმდენჯერ გიპასუხებს, მე, მე უფროო… ხოდა ამიტომ ვწერ… აჰა, წაიკითხე და მიდი, მიპასუხე რომ შენ, შენ უფრო გენატრები.. არადა არაა ასე….. მე ვერ გხედავ, ვერ გეხები, ვერ გისმენ….

მენატრები.. შენი უძირო და ნაზი, თბილი და მაინც მკაცრი, მოსიყვარულე და ალერსიანი მწვანე თვალები მომენატრა…. მოვიდოდი და ჩაგეკრობოდი გულში.. რამდენია სათქმელი……. ვიტირებდი ახლა. არ გავაბრუნებდი უკან ცრემლს და მივიღებდით ერთად, როგორც მე და შენ გვჩვევია… აბა მიდი, გაჩნდი ჩემთან, მე ხომ ახლა ძალიან, ძალიან მჭირდბი….. 😦

მენატრები სოს…

ამ უზარმაზარ ქალაქში მხოლოდ შენს ნაფეხურებს ვეძებ. წვიმიან ქალაქში თითოეულ წვეთს ვაკვირდები და ვცდილობ მათში შენი თვალების სილამაზე დავინახო.. არადა მხოლოდ წუხელ დაგაკვირდი ძილის დროს, რა ლამაზია შენი თითოეული ნაკვთი.. რა ლამაზი ხარ როცა გძინავს, როცა იღიმი, როცა მიყურებ, როცა მეალერსები…. ასე არასოდეს მყვარებია. ასე არასოდეს მომწონებია არავის სხეული. ასე არასოდეს გაუფერადებიათ ჩემი ცხოვრება. ასე ფაქიზად არასოდეს ყვარებიათ…

შენმა არსებობამ ყველა და ყველაფრის ტკივილი დამაკარგინა. შიში დამაძლევინა და რწმენა დამიბრუნა.. შენმა სიყვარულმა იმდენად ძლიერი გამხადა რომ მგონია ცას ავწვდები და იმ ღრუბელს მოვგლეჯ, შენ რომ დათუნიას (თუ სწორად მახსოვს) სილუეტს მიაგვანე პირველად თამარის ციხეზე.. მერე პატარა ოთახში საწოლზე დაგახვედრებ და გეტყვი რომ შენია.. შენმა სიყვარულმა ბალახის სიყვარული მასწავლა, მე და შენ რომ ასე გვსუსხავს მზიად დღეებში მისი სიახლოვით და მაინც არ ვცილდებით.. შენმა სიყვარულმა ერთადერთი და სასურველი გამხადა. საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა და ახლა მგონია იმდენი ძალა მაქვს, შენი სახელის ასოებს ამოვატვიფრავ დედამიწას მთელს სხეულზე რომ კოსმოსიდანაც დაინახონ იგი…

უკვე დიდი ხანია ჩემში გატარებ. არტისული ნიჭით ვცდილობ არ შემეტყოს, არადა ვერ ვმალავ რომ ბედნიერი ვარ და ვანათებ.. მაინც ლანდავს ჩემი სხეულიდან შენი არსებობა, როგორც ზაფხულში ცისფერი, სიფრიფანა სარაფანი ჩემს სხეულს..

შენ ჩემი ყველაზე ტკბილი, სასურველი და საყვარელი ცოდვა ხარ.. მილიონჯერ და უსასრულობამდე რომ განვმეორდები…

მე ვერასოდეს ვერ წავალ შენგან. რაც არ უნდა შორს იყო, ფიქრებით ისე შორს მაინც ვერ წახვალ, დაძინებისას გულში ტკბილი ძილი რომ არ გისურვო და გამთენიისხანს არ გავიღიმო მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოდინება სადღაც არსებობს და სუნთქავს შენი სილამაზე…

შენს შემხედვარეს მიჩნდება სურვილი ვხატო. გიყურო და მერე დავხატო შენი სილამაზე. შენი ვნებამორეული თვალები და ტუჩები, ჩემს შეხებამდე ოდნავ რომ იცვლიან საწყის პოზიციას.. ო, როგორ მიყვარს მაშინ ყურება მათი… დავხატო მინდა უძირო, თბილი და ბედნიერების მომტანი შენი ლამაზი თვალები.. რამდენი სიტყვაა ლამაზი და არც ერთი (ალბათ) ბანალური. სასაცილოა ახლა ეს ნაწერი რაიმე გაცვეთილი ფრაზით დავამთავრო, მაგრამ მაინც ლამაზია განსხვავებულად, არაყველასნაირად და არაბანალურად გითხრა მადლობა იმისთვის, რომ არსებობ; მადლობა იმისთვის რომ მყავხარ; იმისთვის რომ ძველი ხალისი და სიხარული დაუბრუნე ჩემს ”მეს”; მადლობა იმისთვის, რომ მიხარია გათენება და დაღამება და მადლობა იმისთვის რომ ჩემს გვერდით ხარ და…. მიყვარხარ!